01 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
რიგები სარფის საბაჟოზე - გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

12 საათზე მეტია, სარფის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეები რიგს ელოდებიან. თურქული მხარის მიერ, ქართული პასპორტის მქონე პირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა გამთენიისას შეიზღუდა. თურქეთის მხარეს, საზღვარზე მდგომი ქართველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აკრძალვა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებულები არიან თურქი სამართალდამცველები, რომლებიც შეზღუდვის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებენ. ქართველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღის ბოლოს გამშვებ პუნქტთან ვითარება დაიძაბა, რის გამოც საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ჟანდარმერიამ დროებით დააკავა. ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახებაც.

დილიდან შეზღუდულია გადასვლა საქართველოდან თურქეთშიც. რის გამოც, ამ დრომდე რიგებია საქართველოს ტერიტორიაზეც. რიგში მდგომები აცხადებენ, რომ ოფიციალური განმარტება მებაჟეებისა და სამართალდამცველების მხრიდან ამ დრომდე არ მიუღიათ, თუმცა მათი ინფორმაციით, მიზეზი სისტემის ტექნიკური გაუმართაობაა.

ამ დრომდე უცნობია, როდის მოიხსნება აკრძალვა და როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას.

საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე საქართველოს კონსული იმყოფება, რომელიც გამშვებ პუნქტზე შექმნილ მდგომარეობის გარკვევას თურქ მებაჟეებთან და სამართალდამცველებთან ცდილობს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები