01 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
ბახტრიონის ქუჩაზე დაჭრილი ძმების მდგომარეობა სტაბილურია

სროლის ხმა ისმოდა გვიან ღამით თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ძმებს ესროლეს. დაჭრილია 19 და 24 წლის მამაკაცი. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა 162-ე სკოლის ტერიტორიაზე, მოხდა.

ადგილობრივებმა დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა. ინციდენტის შემდეგ სკოლაში დირექტორიც გამოიძახეს. მისი თქმით, დაჭრილები მისი სკოლის მოსწავლეები არ არიან.

"გადაღობილი იყო მთელი ტერიტორია ყვითელი ლენტებით და პოლიციელები იყვნენ. მოხდა ორი ახალგაზრდას დაჭრაო. შელაპარაკება ვიღაცასთან მოხდა, ის ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ ძმები არიან,“ - განაცხადა თბილისის 162-ე საჯარო სკოლის დირექტორმა სოფიო ფანცულაიამ.

ქირურგის თქმით, დაჭრილების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

"ერთ მათგანს აღენიშნებოდა ორივე ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, ამასთან მარცხენა გულმკერდის შემავალი ჭრილობა. მეორე პაციენტს მარცხენა ბარძაყის ცეცხლნასროლი ჭრილობა. ამჟამად სტაბილურია მდგომარეობა,“ - აღნიშნა სოსო გელაშვილმა.       

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაულის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი.

დღის ამბები