01 ოქტომბერი 2024,   15:41
ვრცლად
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ამ დრომდე ჩაკეტილია - კონსულის პირველი კომენტარი 

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ამ დრომდე ჩაკეტილია. საქართველოს მოქალაქეები 24 საათზე მეტია ვერც თურქეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან და ვერც მოგზაურობას აგრძელებენ თურქეთის მიმართულებით.

კვლავ გაურკვეველია როდის აღდგება მიმოსვლა. საზღვარზე თურქეთის მხრიდან მცირე ინციდენტებიც მოხდა.

სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვას თურქეთის მხარე ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოხდა კიბერშეტევა კომპიუტერულ ქსელზე.

დღეს დილით საბაჟოზე აჭარის მთავრობის მეთური და საქართველოში თურქეთის კონსული იმყოფებოდნენ.

„როგორც საქართველო ასევე თურქეთის მხარე ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას. არის ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც ჯერ უცნობია როდის გადაწყდება ეს საკითხი, იქნება ეს ერთ თუ რამდენიმე საათში. არის კომპიუტერული სისტემა, რამაც გამოიწვია ეს პრობლემა,” - განაცხადა თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიქანიმ.

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, პრობლემა მხოლოდ სარფის საბაჟო პუნქტს არ ეხება. ზურაბ პატარაძის თქმით, ანალოგიური პრობლემები არის ყველა საზღვარზე, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტებში.

მისივე განცხადებით, ეს არის თურქეთის მთელს ტერიტორიაზე არსებული სისტემური პრობლემა. პატარაძე აცხადებს, რომ პრობლემა სავარაუდოდ, სწრაფად მოგვარდება.

დღის ამბები