01 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
ვარძიის მონასტრის მხატვრობა პირვანდელ სახეს ვეღარ დაიბრუნებს

ვარძიის მონასტრის მხატვრობა, ფრესკების დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, პირვანდელ სახეს ვეღარ დაიბრუნებს. დასკვნა რესტავრატორებმა ადგილზე, ერთდღიანი მუშაობის შედეგად მიიღეს. გაწმენდითი სამუშაოები მონასტერში ხვალიდან დაიწყება.

უნიკალური მოხატულობის დაზიანების გამო, ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები სასულიერო პირების დაუდევრობაზე ღიად ალაპარკდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, სპეციალისტთა ნაწილი თითქმის დარწმუნებულია, რომ ხანძარი მონასტერში სასულიერო პირების დაუდევრობის გამო გაჩნდა. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, იქ მოღვაწე ბერები ტაძარს საცხოვრებელი პირობებისთვის იყენებენ, რის გამოც მონასტრიდან მათი იზოლირება აუცილებელია.

მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები ამბობენ, რომ მონასტრის მოვლა-პატრონობაზე ადმინისტრაციამ და ბერებმა, ერთობლივად უნდა იზრუნონ. ისინი ადასტურებენ, რომ ხანძარი ტაძარში ანთებული სანთლის დატოვების გამო მოხდა.

სავარაუდოდ, ადმინისტრაციასა და სასულიერო პირებს შორის უთანხმოება გახდა მიზეზი, რის გამოც უსაფრთხოების სამსახურმა ხანძრის გაჩენის შესახებ, რამდენიმე საათის დაგვიანებით შეიტყო. 

ავტორები: ეკო მაღრაძე, გიგლა თუმანიშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები