01 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.50 ლარია

ვალუტის გადამცვლელი ობიექტების ტაბლოებზე ლარის ახალი ანტირეკორდია დაფიქსირებული. კომერციულ ბანკებში გაცვლითი კურსი 2.50-ია, რაც ეროვნული ვალუტის მორიგი ისტორიული ნიშნულია.

მთავრობაში კი ამბობენ, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და უარყოფითი მოლოდინების შექმნას პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ.

ფინანსთა მინისტრი საზოგადოებას არწმუნებს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია. ნოდარ ხადური აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერია და სიტუაცია დონორებისგან უცხოური ვალუტის ჩარიცხვის შემდეგ გამოსწორდება. 

ხელისუფლების ბრალდებების ადრესატი ოპოზიცია კი, მთავრობის მიერ ლარის კურსის გაუფასურების შეჩერების რესურსს ვერ ხედავს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის ლარის კურსის ვარდნა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ არაფერი გაკეთებულა.

კურსის გასაჩერებლად მთავარ საშუალებად, ნაციონალურ მოძრაობაში ისევ ბიუჯეტში ხარჯების შემცირებას ასახელებენ და მთავრობას სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლის პირობებში რომ ხარჯების შემცირება ლარის სტაბილურობისთვის აუცილებელი პირობაა, ამაზე საუბრობენ ექსპერტებიც. მათი ნაწილი გაუფასურების პროცესის უფრო საგანგაშო პროგნოზსაც აკეთებს და ხელისუფლების მიერ მკვეთრი ზომების მიღების გარეშე, არც ინფლაციას გამორიცხავს.

ავტორი ანა წერეთელი

დღის ამბები