01 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ქართველები კომპანიის თანამშრომლების დასჯას ითხოვენ

სოფელ ზვარეში 2 დღიანი დაპირისპირების შემდეგ ადგილობრივებმა და ჩინურ კომპანიაში დასაქმებულმა ქართველმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. შეკრებილები კომპანიის იმ თანამშრომლების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც მათი თქმით ფიზიკური დაზიანებები ნაჯახით და რკინის ხელკეტებით, მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა დღეს ვიდეო კადრებიც გაასაჯაროვეს სადაც მათი თქმით ჩინეთის 23-ე ბიუროს თანამშრომლები ჩანან, რომლებსაც ხელში რკინის ხელკეტები უჭირავთ.

კომპანიაში დასაქმებული მუშებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ, ისინი კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ კომპანიას მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

იგივე მოთხოვნებით აქცია-მსვლელობა დღეს თბილისშიც გაიმართა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები უფრო კატეგორიულია და ისინი კომპანიის საქართველოდან გასვლას ითხოვენ.

განცხადება მომხდართან დაკავშირებით დღის ბოლოს კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ გაავრცელა. კომპანია ფიზიკურ დაპირისპირების პროვოცირებას ჩინეთის მოქალაქეების მიერ უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტის შედეგად დაზარალებულები ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებიც არიან. ამავე განცხადებაში კომპანია საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებასაც ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებულია ჩინეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

დღის ამბები