01 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტში დაკავებული 5 გოგო - ჩხრეკის გარდა დაკავებულებს ნარკოტიკის აღმოსაჩენად ტომოგრაფიაც ჩაუტარდათ

მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტს და ერთ-ერთი ღამის კლუბის მენეჯერს, მის თანამშრომლებთან ერთად, პოლიციამ თავისუფლად გადაადგილების უფლება ქუთაისის აეროპორტში შეუზღუდა. ქეთა გაბუნიას ინფორმაციით, ის მეგობრებთან ერთად გერმანიიდან დაბრუნდა და ისინი პოლიციამ ქუთაისის აეროპორტშივე გაჩხრიკა. ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველები ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებდნენ.

აეროპორტში ჩხრეკის შემდეგ, 5 გოგო და ერთი მამაკაცი პოლიციამ ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ტომოგრაფიის გასაკეთებლად გადაიყვანა. სამართალდამცველები ამჯერად ნარკოტიკს, ახალგაზრდების სხეულში ეძებდნენ, თუმცა არც სამედიცინო ჩარევამ დადებითი პასუხი არ აჩვენა, რის შემდეგაც ახალგაზრდები გაათავისუფლეს.

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე განმარტება გაკეთდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების საქმეში პოლიციას ნარკოტიკული საშუალება არ აღმოუჩენია.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ახალგაზრდების საავადმყოფოში გადაყვანა და მათი სხეულის რენტგენით შემოწმება, ადამიანის ღირსების შემლახველი ქმედება იყო.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი. 

დღის ამბები