01 ოქტომბერი 2024,   13:34
ვრცლად
დაკავება ქუთაისში - არასამთავრობოები რეპრესიებზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრობენ

სამართალდამცველთა მხრიდან მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობენ მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრები და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი დავით სუბელიანი მომხდარს არსებულ ავადმყოფურ ნარკოპოლიტიკას უწოდებს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები.  

„სავარაუდოდ, არის გარკვეული პროცედურული გადაცდომები, ეს ხშირად ხდება, თუმცა არაადამიანური მოპყრობა სახეზეა, იმიტომ, რომ 7-8 საათის განმავლობაში ადამიანები გაჩერებულები ჰყავდათ, ჩხრეკდნენ, ვერაფერს ვერ პოულობდნენ და ბოლოს დაგვიბრუნეს ეს ხალხი ჩვენ. ცალკე საკითხია სამართლებრივად როგორ შეფასდება ეს კონკრეტული ეპიზოდი, რამდენად კანონიერი იყო ან არ იყო კანონიერი, თუმცა ცალსახაა, რომ ეს არის ავადმყოფური ნარკოპოლიტიკის გამოვლინება. ამბობენ, რომ თითო ადამიანის შემოწმება ჯდება 400 ლარი, შესაბამისად 2400 ლარის მხოლოდ ტესტირება გააკეთეს,“-აცხადებს თეთრი ხმაურის აქტივისტი დავით სუბელიანი.

უფლებების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც.

იურისტ გურამ იმნაძის თქმით, დაკავებისას მოხდა არა ერთი დარღვევა, მათ შორის არცერთ დაკავებულს არ განემარტა დაკავების საფუძველი. იმნაძე არ გამორიცხავს, რომ გუშინ ქუთაისში მომხდარი ფაქტი დაკავებულების სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირდებოდეს.

„გუშინდელი შემთხვევები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არის უფლებების შეზღუდვაზე და რეპრესიებზე ორიენტირებული და ის რეალურ ადეკვატურ მიზნებს არ ისახავს. გუშინ მომხდარი ფაქტი არის ადამიანის პირად ცხოვრებაში და მის ღირსებაში უხეში ჩარევა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ისე რომ ამ ადამიანებს არც კი განემარტათ რა იყო ამ ყველაფრის საფუძველი და კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს ამ ადამიანების სამოქალაქო აქტივიზმს,“ - აცხადებს გურამ იმნაძე.

დღის ამბები