01 ოქტომბერი 2024,   13:41
ვრცლად
დაყადაღებული ქონება და სასამართლოები - "რუსთავი 2" ამერიკისა და ევროპის ყურადღების ცენტრში

სამი ინსტანცია, ათეულობით პროცესი და მუშაობა მუდმივი ფსიქოლოგიური და ფინანსური წნეხის ქვეშ. სასამართლო პროცესების დაწყებიდან რუსთავი 2-ს ყადაღაც დაადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიას უფლება ჩამოერთვა ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის.

უმძიმესი პირობების მიუხედავად, სამაუწყებლო კომპანიამ შეძლო, რომ სრული დატვირთვით ემუშავა და პარალელურად, ქართულ მედია სივრცეში პირველის პოზიციაც შეენარჩუნებინა.

ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების მხარდაჭერასთან ერთად, სამაუწყებლო კომპანიის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანესი როლი საერთაშორისო თანამეგობრობამ ითამაშა.

ბოლოს, რუსთავი 2-ში რამდენიმე კვირის წინ ამერიკის ელჩი იმყოფებოდა, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და აღნიშნა, რომ კრიტიკულად განწყობილი მედიის არსებობა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. სამაუწყებლო კომპანიაში სტუმრობის და ჟურნალისტებთან შეხვედრის სურვილი იან კელიმ თავად გამოთქვა. მხარდაჭერა არხის მიმართ დიპლომატმა მანამდეც არა ერთხელ დაადასტურა.

იან კელის განცხადება არ იყო ერთადერთი გამოხმაურება ამერიკის მხრიდან, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ამ თემაზე განცხადება 5-ჯერ გააკეთა. სამაუწყებლო კომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენები ამერიკის საგარეო უწყების ანგარიშშიც მოხვდა.

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესები კრიტიკის საგანი არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ევროპის მხრიდანაც გახდა. სამაუწყებლო კომპანიის დევნის საკითხი თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა. განცხადებები ამ თემაზე ტელეკამერების წინაც კეთდებოდა. ამ თემაზე ბევრს წერდა უცხოური მედიაც.

ავტორი ეკა გაგუა

ამავე თემაზე
დღის ამბები