01 ოქტომბერი 2024,   13:34
ვრცლად
14 წელი გახმაურებული მკვლელობიდან - ნიკა ლომინაძის საქმე სასამართლოში დაბრუნდა

ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმე 14 წლის შემდეგ ისევ სასამართლოში დაბრუნდა. არ არის გამორიცხული თელასის მენეჯერის მკვლელობაში ბრალდებული გაათავისუფლონ.

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს საქმეში ახალი გარემოებების აღმოჩენის შემდეგ მიმართა. უწყებამ მოწმეთა ახალ ჩვენებასა და საექსპერტო დასკვნებზე დაყრდნობით გიორგი გვიჩიანის გათავისუფლება მოითხოვა. 

გახმაურებული მკვლელობის საქმის ახალ გარემოებებზე დაყრდნობით პროკურორი აცხადებს, რომ გია გვიჩიანი, ნიკოლოზ ჩემია და სხვა ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. სახელმწიფო ბრალმდებლის ინფორმაციით, მათ ახალი მოწმეები ყავს, რომლებიც აღიარებენ, რომ საქმე ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით გააყალბეს.

რა მოტივი შეიძლება ქონოდათ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომ 2002 წელს მომხდარი მკვლელობა, 2006 წელს მოკლულის თანამშრომლისთვის დაებრალებინათ უცნობია. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალი ყოფილი ხელისუფლების წევრებსაც წარუდგინონ.

ვინ მოკლა ნიკოლოზ ლომინაძე, ამ კითხვაზე პასუხი უკვე აქვს გარდაცვლილის მამას. ნოდარ ლომინაძე დარწმუნებულია, რომ გვიჩიანი და მასთან ერთად ბრალდებულები სასჯელს სამართლიანად იხდიან.

გია გვიჩიანისა და სხვა ბრალდებულების საქმის განხილვისას, 2006 წელს სახელმწიფო ბრალდებას მხარს ამჟამინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უჭერდა. ის გარემოებები, რაზეც დღეს პროკურატურა საუბრობს, რამდენად იყო ცნობილი მაშინ შოთაძისთვის, უცნობია.

საქმის გადახედვის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს გვიჩიანის ადვოკატებმა რამდენჯერმე მიმართეს. 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

დღის ამბები