07 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
"რუსეთის აგრესიის საპასუხო საკანონმდებლო ინიციატივა" - სენატორი ბენ კარდინი კონგრესს მიმართავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობასა და მოსკოვის მზადყოფნას ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, შესაძლოა კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით უპასუხოს.

სენატორმა ბენ კარდინმა უკვე დაიწყო მუშაობა რუსეთის აგრესიის საპასუხო საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელსაც კონგრესში დასამტკიცებლად გაიტანს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი კონსულტაციებს გადის როგორც რესპუბლიკელ, ასევე დემოკრატ სენატორებთან, რათა კანონპროექტს ზედა პალატაში ორივე პარტიის მხარდაჭერა ქონდეს.

“რუსეთის ქმედებები დამაშინებელია და ის არ არის დემოკრატიული ქვეყნების მეგობარი. რუსეთი ცდილობს გავლენის მოხდენას დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე. ჩვენ ვნახეთ ეს ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში. ასევე ცდილობს დემოკრატიული ინსტიტუტების რისკის ქვეშ დაყენებას, რაც ვიხილეთ, ამერიკული საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლით. რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი ნაბიჯები უნდა გადავდგათ,” - განაცხადა ბენ კარდინიმ.

კონგრესის ლიდერებთან კონსულტაციები და სტრატეგიის შეთანხმება დღეს დონალდ ტრამპს ცნობილმა დიპლომატმა, საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა უილიამ კორტნიმაც ურჩია.

მან საგანგებოდ მომზადებულ ანალიზში რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, დაასახელა ის წინაპირობები, რომლითაც ახალმა ადმინისტრაციამ უნდა იხელმძღვანელოს.

“სამი წინაპირობით უნდა ხელმძღვანელობდეს ტრამპის რუსეთთან სტრატეგია. პირველი - მან უნდა დაადასტუროს ამერიკის ვალდებულება ნატოსთან. მეორე - პუტინთან შეხვედრამდე ტრამპმა უნდა მოინახულოს უმთავრესი მოკავშირეები და გაიგოს მათი პრიორიტეტები თავისი საკუთარი პრიორიტეტების გაზიარებისას. მესამე - ის ვალდებულია განიხილოს სტრატეგია კონგრესის ლიდერებთან. ბევრი მათგანი უკრაინაში ომის, კიბერთავდასხმების და ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამო, კრემლის პოლიტიკას მტრულად თვლის,” - აცხადებს უილიამ კორტნი.

რუსეთის პრეზიდენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. 

დღის ამბები