07 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
თურქეთის ტერაქტის შედეგები - 44 დაღუპული და მასობრივი დაკავებების ახალი ტალღა 

სტამბოლში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ. დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დიპლომატიურმა კორპუსმაც. ბეშიქთაშის სტადიონთან მოწყობილი დროებითი მემორიალი უცხოელმა დიპლომატებმა მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს. ბოლო მონაცემით ტერაქტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმას ხელისუფლებამ ერაყის ჩრდილოეთით ქურთთა პოზიციებზე საჰაერო იერიშებით და მასობრივი დაკავებებით უპასუხა. რეიდები ქვეყნის 11 რეგიონში ჩატარდა. დააკავეს ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტიის 235 წევრი, ისინი ქურთ სეპარატისტებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

ორგანიზაცია, რომელმაც აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღო ქურთთა მუშათა პარტიის რადიკალურ ფრთას წარმოადგენს. ე.წ. ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა წერილობითი განცხადება გაავრცელეს, სადაც განმარტეს, რომ სამიზნე თურქი ხალხი კი არა, არამედ სამართალდამცველები იყვნენ.

ოფიციალურმა ანკარამ, ოპოზიციონერების მასობრივი დაპატიმრების გამო ევროპელების მორიგი გაფრთხილება მიიღო. მასობრივი დაპატიმრებები თურქეთში უკვე 5 თვეა გრძელდება.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე. 

დღის ამბები