07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე ნავთობ-კომპანია "ექსონ მობილის" ხელმძღვანელი წარადგინა

დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე ნავთობ-კომპანია ექსონ მობილის ხელმძღვანელი წარადგინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა twitter-ში გააკეთა განცხადება.

„სახელმწიფო მდივნად შევარჩიე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ნამდვილი ბიზნესლიდერი, რექს ტილერსონი, ექსონ მობილის თავმჯდომარე და დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი. ყველაზე მეტად, რაც რექს ტილერსონში მომწონს, არის მისი უდიდესი გამოცდილება, წარმატებით დადოს გარიგება ყველა ტიპის უცხო მთავრობასთან,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რექს ტილერსონის კანდიდატურა, კრემლთან კავშირების გამო, შესაძლოა, ვაშინგტონში ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს.

შეერთებულ შტატებში უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება, ექსონი უდიდეს მოგებას ნახავს.

მომავალ სახელმწიფო მდივანს, არჩეული პრეზიდენტის მსგავსად, საგარეო პოლიტიკაში მუშაობის არანაირი გამოცდილება არა აქვს.

შეერთებული შტატების დედაქალაქში მსჯელობა იმის შესახებ მიმდინარეობს, თუ რა შეიძლება, მოხდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების შემთხვევაში. New York Times-ის ინფორმაციით, რექსონს არაერთი მრავალმილიარდიანი პროექტი აქვს, რომლის განხორციელებასაც სწორედ რუსეთის სანქციები უშლის ხელს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი და მომავალი სახელმწიფო მდივანი არასდროს იყვნენ ჩვენი თანამშრომლობის განვითარების მოწინააღმდეგენი, პირიქით - ეს პრაგმატული ხალხია და იმედი გვაქვს, რომ ეს პრაგმატიზმი გახდება კარგი საფუძველი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად,“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. 

დღის ამბები