07 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
როდის შესრულდება ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანის შეთანხმება, უცნობია

საკვების გარეშე და სიცივეში დარჩენილი ალეპოს მოსახლეობის ერთადერთი თავშესაფარი დანგრეული შენობებია. ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებიდან ევაკუაციას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ამ დრომდე უშედეგოდ ელის.

უკვე 24 საათზე მეტია, ალეპო არავის დაუტოვებია. მშვიდობიანი მოსახლეობისა და მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია სირიის ხელისუფლებამ გუშინ შეაჩერა. მანამდე კი საომარი ზონიდან 9 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. უმეტესობა მეზობელ იდლიბის პროვინციაში, მძიმედ დაშავებულები კი თურქეთის კლინიკებში გადაიყვანეს.

გაეროს მონაცემებით, მხოლოდ ალეპოში ბოლო დღეების განმავლობაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 წლიან სამოქალაქო ომს კი სირიაში 400 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 5 მილიონამდე დევნილად იქცა.

ვარაუდობენ, რომ ალეპოზე კონტროლის აღდგენის შემდეგ სირიის სამთავრობო ძალების მომდევნო სამიზნე იდლიბის პროვინცია იქნება, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სწორედ ალეპოდან გამოქცეული ათასობით ოჯახი აფარებს თავს.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი 

დღის ამბები