07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხზე ახალ რეზოლუციას კენჭს უყრიან

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხზე ახალ რეზოლუციას უყრის კენჭს.

რუსეთის ვეტოს მუქარის შემდეგ მხარეები დოკუმენტის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ. პარალელურად, უკვე რამდენიმე საათია, ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაცია განახლდა.

აღმოსავლეთ ალეპოდან ევაკუირებულთა პირველი ნაკადი 500-მდე ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, 5 სამგზავრო ავტობუსში ალეპოდან გამოიყვანეს. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ ადგილზევე დაურიგეს თბილი ტანსაცმელი და საკვები.

გაერო ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებას ითხოვს. სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ საბჭოს წევრები საბოლოოდ ტექსტის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ.

"ვინაიდან საკმარისი გამოცდილება გვაქვს რუსეთის ვეტოებთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვერაფერში ვიქნებით. მაგრამ ვიტყვი, რომ კონსტრუქციულად ვიმუშავეთ რუსეთის წარმომადგენელთან ტექსტის თაობაზე, რომელსაც კენჭს ვუყრით. დოკუმენტში მონიტორების შეყვანას ვითხოვთ, მათი რაოდენობა რეზოლუციაში დაკონკრეტებული არ არის. ყველამ ვიცით, რომ რაც უფრო მეტი დამკვირვებელი იქნება და მეტ ადგილას, ეს უკეთესი იქნება. კვირები არ გვაქვს, ხალხი მშიერია, იყინებიან, არაფერი გააჩნიათ," - განაცხადა გაერო-ში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა, სამანტა პაუერმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ნიუ იორკში ადგილობრივი დროით, დილის 9 საათზე დაიწყება.

ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ რეზოლუციის ახალ პროექტს სწორედ ამ შეხვედრაზე უყრიან კენჭს.

დღის ამბები