07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
სრულიად შესაძლებელია, რომ დამნაშავე გაქცეულია და საფრთხეს წარმოადგენს - ბერლინის პოლიციის უფროსი

გერმანელები მთელი მსოფლიოდან სამძიმარს იღებენ. ბერლინის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ საღამოს ტერორისტი სატვირთო ავტომობილით შევარდა და ხალხს გადაუარა, სახელდახელო მემორიალი შეიქმნა.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი, 48 დაშავებული კი საავადმყოფოებში იმყოფება. ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლონური გადამზიდავი კომპანიის მძღოლია. გამოძიების ვერსიით, ის ტერორისტმა მანქანის გატაცებისას მოკლა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ გუშინვე დააკავა ეჭვმიტანილი. თუმცა, ძალოვანები ვერ ადასტურებენ, რომ სატვირთო მანქანას 23 წლის პაკისტანელი მიგრანტი მართავდა. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელი გაქცეული იყოს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ასევე უცნობია, ჰყავდა თუ არა ტერორისტს თანამზრახველი.

„ამჟამად დადასტურებით ვერ ვიტყვით, რომ სატვირთო ავტომობილს დაკავებული პიროვნება მართავდა. არსებობს სხვადასხვა საშუალებები, რომლითაც მისი ჩვენების გადამოწმება შეიძლება, მაგალითად დნმ-ის ტესტი ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი ხელზე. ეს პროცედურები მიმდინარეობს. სრულიად შესაძლებელია, რომ დამნაშავე გაქცეულია და საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ მოსახლეობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს,“ - განაცხადა ბერლინის პოლიციის უფროსმა, კლაუს კანტიმ.

დღის ამბები