07 ოქტომბერი 2024,   12:15
ვრცლად
ბერლინის პოლიცია ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს

ბერლინის პოლიცია ტერაქტის ორგანიზებაში მთავარ ეჭვმიტანილს, ტუნისელ ახალგაზრდას ეძებს. 1992 წელს დაბადებული, ტუნისელი ანის აჰმედის პირადობის მოწმობა სატვირთო მანქანის კაბინაში იპოვეს. სამართალდამცველებმა უკვე შეამოწმეს ქალაქ ემერიხის მიგრანტების თავშესაფარი, სადაც ეჭვმიტანილი ცხოვრობდა. თუმცა, მის კვალს ვერ მიაგნეს.

„ახალი ეჭვმიტანილი გვყავს და ის იძებნება. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს ძიება. ვსწავლობთ ყველა დეტალს და მონაცემს. მინდა ვთხოვო მედიას გაგებით მოეკიდოს ჩვენს სამუშაოს, რადგან ამ პიროვნების შესახებ გავრცელებულ ცნობებს ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ. ეს ადამიანი იძებნება ეჭვმიტანილის სტატუსით და ვერ ვიტყვით, ვიდრე არ დავადგენთ, რომ დანაშაული მისი ჩადენილია,“ - განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა, ტომას დე მაიზერმა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. თუმცა, გერმანელი გამომძიებლები ამას ჯერ ვერ ადასტურებენ.

ბერლინის ცენტრში მდებარე საშობაო ბაზრობა ისევ გაიხსნა, თუმცა გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიციელები გამვლელებს ჩანთებსაც კი უმოწმებენ.

დაცვა გააძლიერეს ასევე ლონდონში, რომში, პარიზსა და ნიუ იორკშიც, სადაც მასობრივი თავშეყრის ადგილებზე შეიარაღებული პოლიციელები 24 საათიან რეჟიმში იმორიგევებენ.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები