07 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
რამდენიმე საათში სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მორიგი ზავი უნდა ამოქმედდეს

რამდენიმე საათში სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მორიგი ზავი უნდა ამოქმედდეს. შეთანხმება სამთავრობო ძალებსა და 7 ოპოზიციურ დაჯგუფებას შორის, დღეს გაფორმდა. საბრძოლო მოქმედებების შეჩერების მიზნით, გარანტორის ფუნქციას რუსეთი და თურქეთი შეასრულებენ.

თუმცა, შეთანხმების მიღწევამდე რამდენიმე საათით ადრე, დამასკოს გარეუბანი დაიბომბა, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად დასახლებაში ჭურვები სკოლის შენობას და საცხოვრებელ სახლებს დაეცა. აქტივისტების განცხადებით, დაიღუპა 40 ადამიანი. მათ შორის, 7 ბავშვია.

შეთანხმების სრულად შესრულების შემთხვევაში, სირიის ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებებს დაიწყებენ. პირველი შეხვედრა ასტანაში ერთ თვეში გაიმართება. მოლაპარაკებების საბოლოო მიზანი კი სირიაში, წელიწადნახევარში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება იქნება, რასაც გაეროს შარშან მიღებული რეზოლუციაც ითვალისწინებს.

შეთანხმებაში, რომელსაც მხარეებმა დღეს მიაღწიეს, შეერთებული შტატები არ მონაწილეობდა. ყველა წინა სამშვიდობო ინიციატივა, რომელსაც გაერო და შეერთებული შტატები რუსეთთან ერთად აყენებდნენ, ჩაიშალა. დასავლური მედია წერს, რომ რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის გარიგება დაიდო, რომლის თანახმად, სირია მათი გავლენის ზონებად დაიყოფა. ბაშარ ალ ასადი კი ქვეყნის პრეზიდენტად კიდევ რამდენიმე წელი დარჩება.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები