05 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლამდე საქართველოსთვის რამდენიმე ტექნიკური პროცედურა რჩება

553 მომხრე და 66 წინააღმდეგი, ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. კენჭისყრას დარბაზში ტაში და ოვაციები მოყვა.

კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, სადაც ევროპელი დეპუტატები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. საქართველოს საკითხზე მომხსენებლები არწმუნებდნენ კოლეგებს, რომ ქვეყანამ ყველა დავალება შეასრულა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაიმსახურა. ევროპარალემნტარებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან ძალაში ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან ერთად შევა.

სკეპტიკოსები კი ამტკიცებდნენ, რომ ქართველების კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან და მიგრაციის დიდი ტალღა ევროპაში ის ფაქტორებია, რის გამოც საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ უნდა მიენიჭოს. ერთ-ერთმა გამომსვლელმა გაზეთ რეზონანსზე დაყრდნობით ისიც ახსენა, რომ ISIS საქართველოს ტრანზიტისთვის იყენებს. მიუხედავად ამისა, ევროპის განწყობა ამ საკითხზე საბოლოოდ ტაბლოზე აისახა.

ევროპელმა პარლამენტარებმა საქართველოს მოქალაქეებს დიდი წარმატება მიულოცეს და ხელისუფლებას რეფორმების გაგრძელება, ოპოზიციის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვა ურჩიეს.

ევროპარლამენტარების განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთისთვის იყო გზავნილი, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ქვეყნის სუვერენულ არჩევანს.

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლამდე რამდენიმე ტექნიკური პროცედურა დარჩა, რომელიც წინასწარი პროგნოზით, მარტის ბოლოსთვის დასრულდება. 

ავტორები: თამარ ნუცუბიძე, სოფო ზურაბიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები