ვასილ მაღლაფერიძის ავტორობით მომზადებული სამოქმედო გეგმა მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ერთი ნაწილისთვის. თანამშრომლები, გუშინ შექმნილი ნდობის ჯგუფის ფარგლებში მუშაობენ სხვა ალტერნატიულ სამოქმედო გეგმაზე.
ამ ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დოდო შონავამ განმარტა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები აუცილებელია, თუმცა არა ისეთი რადიკალური ფორმით, როგორც ეს ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგინა.
„ჩვენთვის მისაღებია რეფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის. ნურავის ნუ ეგონება, რომ ჩვენ ცვლილებების წინააღმდეგ ვართ, ჩვენ წლებია ცვლილებებს მოვითხოვთ. ჩვენ მოვითხოვთ კომპეტენტურ მენეჯმენტს და მართლზომიერ მართვას, როგორც ადამიანური რესურსებისა, ისე ფინანსების,“ - განაცხადა დოდო შონავამ.
მისი თქმით, ისინი იწყებენ დოკუმენტზე მუშაობას, რომელსაც საზოგადოებასა და სამეურვეო საბჭოს წარუდგენენ. დოკუმენტში იქნება გაწერილი ის პრინციპები, რომელთა მიხედვითაც „უნდა მოხდეს ეტაპობრივი მოდერნიზირება საზოგადოებრივი მაუწყებლის.“
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის განხილვა დაიწყო.