03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
2014 წლის ყველაზე რეიტინგული ფილმები

ინტერნეტ პორტალმა IMDb-მა წლის საუკეთესო ფილმების რეიტინგები გამოაქვეყნა. ფილმების ჩამონათვალში პიტერ ჯექსონის „ჰობიტი“ ლიდერობს.

ლეგენდარული "ჰობიტის" ტრილოგიის ეპიკური დასასრული ეკრანებზე გამოსვლის დღიდან შემოსავლებით რეკორდებს ხნის. "ჰობიტი" ხუთი არმიის ბრძოლა, რომელიც ჯონ ტოლკინის ნაწარმოების ეკრანიზაციაა და ბეჭდების მბრძანებლების პრეისტორიას წარმოადგენს – უმსხვილესი კინოპორტალის წლის ყველაზე პოპულარული ფილმების რეიტინგში პირველ ადგილზე მოხვდა. 

მსოფლიო ბოქს–ოფისების რეკორდსმენი ფილმი, პოპულარულია ქართველ მაყურებელს შორისაც. ფილმის პრემიერა საქართველოში 11 დეკემბერს, მსოფლიო პრემიერამდე 1 კვირით ადრე შედგა. თუმცა, სამი კვირის შემდეგაც კი კინოთეატრებში მისი ნახვის მსურველების რიგები ისევ დგას.

არანაკლებ პოპულარულია მაყურებელს შორის ბიბლიური ისტორია წინასწარმეტყველ მოსესა და ებრაელი ერის ეგვიპტელების მონობისგან გათავისუფლების შესახებ. რიდლი სკოტის მიერ გადაღებული "მოსე, ღმერთები და მეფეები" IMDb-ის წლის პოპულარული ფილმების რეიტინგში მეორე პოზიციაზე მოხვდა. კინოკტრიტიკოსების აზრით, ფილმის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა არაბულ ქვეყნებში სურათის აკრძალვამ.

სკანდალმა დიდი პოპულარობა მოუტანა პოლიტიკურ კომედიას „ინტერვიუ“. ორი ჟურნალისტის ისტორია, რომლებსაც ამერიკის დაზვერვა ჩრდილო კორეის ლიდერის ლიკვიდაციას ავალებს, კინოპორტალის რეიტინგში მესამე პოზიციაზე მოხვდა და ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ისედაც რთული ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავების მიზეზი გახდა. საბოლოდ ფილმი ეკრანებიდან მოიხსნა და მისი ჩვენება მხოლოდ ინტერნეტით მოხდა.

კინოპორტალ IMDb-ის პოპულარული ფილმების რეიტინგი სულ 15 კინოსურათს მოიცავს და მათ შორის "ოსკარის" სხვა პრეტენდენტებიც არის. ასეთია ბესტსელერების ეკრანიზაციები – "გაუჩინარებული ქალი" და "ამერიკელი სნაიპერი".

კინოაკადემიის ჯილდოს არ უწინასწარმეტყველებენ, თუმცა კრიტიკოსების დიდი მოწონება და მაყურებლის დიდი ინტერესი დაიმსახურა ანჯელინა ჯოლის ფილმმა „გაუტეხელნი“, რომელიც კინოპორტალის რეიტინგში 12 პოზიციაზეა.

დღის ამბები