სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას ოფიციალურად დაადასტურა, ინფორმაცია მამა გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ.
სდსს-ის ხელმძღვანელმა კურიერის ჟურნალისტთან თამარ ნუცუბიძესთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ მოხდა პატრიარქის დაცვის გაძლიერება და უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი მიმდინარე გამოძიებას, ჩუბინიძე პასუხობს:
"ყველა სპეცსამსახურებით მუდმივად ვიყავით ჩართულები პატრიარქის დაცვაში, ამის მიუხედვად ჩვენ მაინც ჩავთვალეთ, რომ ჩამოვსულიყავით და გვენახა მდგომარეობა პატრიარქის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით," - აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.
დღესვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, სოსო ოხანაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მასთან საგამოძიებო უწყებებს მიცემული ჩვენების შემდეგ კითხვები აღარ აქვთ.
"სოსომ ძალიან კარგი გააკეთა, რომ იგი ჩავიდა, მიეხმარა გამოძიებას ყველანაირად ამ საქმესთან დაკავშირებით, სოსო განაგრძობს მუშაობას ჩვეულებრივად, სოსოთან არანაირი კითხვის ნიშანი არ არის," - განუცხადა ანზორ ჩუბინიძემ რუსთავი 2-ს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ამ დრომდე საქართველოს მთავარი პროკურატურა არ აკეთებს კომენტარს, თუ რა მოტივით მოხდა სასულიერო პირის დაკავება.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამავე საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შაბათს საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იოსებ ოხანაშვილი დაკითხა.
ფოტო: რუსთავი2