05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
"ჩვენ ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან" - პრემიერმინისტრი ბერლინში პატრიარქთან ჩასვლას გეგმავს

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან,“ - პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან და მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ის აღნიშნავს, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა „ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა“ და ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული აღკვეთა.

პრემიერმინისტრი განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებს. 

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ იმუშავეს ოპერატიულად, ეფექტურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე და მათ თავიდან აგვაცილეს ეს დიდი უბედურება. პირველივე წუთებიდან, როგორც კი სამართალდამცავებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეს საქმე, ბუნებრივია, აყვანილი მაქვს პირად კონტროლზე და პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას,“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ბერლინში საკუთარი პირადი დაცვის წევრები გააგზავნა.

„გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები. ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პატრიარქთან ბერლინში გამგზავრებას თავად პრემიერმინისტრიც გეგმავს.

„მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვაპირებ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე, დაგეგმილზე ადრე გავემგზავრო გერმანიაში და პირადად ბერლინში მოვინახულო მისი უწმინდესობა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები