ბერლინში ჩასული ბოდბელი ეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის ფაქტის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ის აცხადებს, რომ დამატებით ინფორმაციას უნდა გაეცნოს.
„სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მე არ მინდა რამე ვთქვა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მან აღნიშნა, რომ არ იცის რის საფუძველზე დააკავეს მამა გიორგი, ეხებოდა ეს მოწამვლას, თუ სხვა საკითხს.
„პროკურატურა თუ აცხადებს, ალბათ ბოლომდეც გაიხსნება საქმე. ისეთი თემაა ეს. მე ერთი რამე ვიცი, რომ უწმინდესთან დაცვა გაძლიერდა, ანუ ახლა იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის ფაქტზე ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ბრალს ვერ დადებს, თუმცა ფიქრობს, რომ თუ ეს სიმართლეა, ამ საქმეში მეტი ადამიანია ჩართული.
„თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, ის მარტო ვერ გააკეთებდა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.