დაკავებული სასულიერო პირის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, მომხდარის შესახებ ისინი საქმის კურსში არ არიან.
რუსთავი 2-თან პირველი კომენტარი გააკეთა ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა შიო პაიჭაძემ. მისი თქმით, დეკანოზ გიორგის პატრიარქი ძალიან უყვარდა და მისი უწმინდესობაც ენდობოდა. შეგახსენებთ, რომ დაკავებული დეკანოზი გიორგი ბათუმში წმინდა ბარბარეს სახელობის წინამძღვარი იყო.
„არ მჯერა ამ ფაქტის და ეს ისეთი რამეა, რომ მაშინ ადამიანს ჩვენ უნდა დავწამოთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არის მკვლელი, პოტენციური მკვლელი. რა მნიშვნელობა აქვს, შესრულდა თუ არ შესრულდა ეს საქმე. ადამიანზე უნდა ვთქვათ, რომ მკვლელია? ეს არის საშინელი რამ. ეს ძალიან რთული ბრალდებაა, ეს უნდა იყოს 100%-იანი ბრალდება, როცა ადამიანს ბრალს წაუყენებ. არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია. მე არც ჩვენს სპეცსამსახურებს არ გავაკრიტიკებ ამ კუთხით. აქ რაღაც სხვა სიტუაციაა, ალბათ უფრო გაურკვეველი მდგომრეობაა და გაირკვევა თავის დროზე. მე მესმის, რომ სპეცსამსახურების მოვალეობაა, რომ ზოგადად გააკონტროლოს ასეთი სიტუაცია, მაგრამ მე არ მჯერა. წარმოუდგენელია, სასულიერო პირმა მსგავსი რამ იკადროს. ძალიან უყვარდა პატრიარქი და პატრიარქი ენდობოდა მას და საჭმელი თავისი ხელით შეჰქონდა, მე ეს მინახავს. მამობრივი დამოკიდებულება ჰქონდა და ასეთი ბრალდება რაღაც წარმოუდგენელი რამ არის,“ - განცხადა წმ. ბარბარეს ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა შიო პაიჭაძემ.