დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძეს პროკურატურის გამომძიებლები შეხვდებიან. კურიერის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების გამომძიებლები რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში მისვლას დღეს გეგმავენ.
მამა გიორგი მამალაძე მაღალი რისკის მქონე პატიმრებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში იმყოფება.
საგამოძიებო უწყებები ოფიციალურ ინფორმაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამომძიებლების ვიზიტთან დაკავშირებით არ ავრცელებენ. შესაბამისად უცნობია, რა სახის საგამოძიებო მოქმედებებს უკავშირდება მათი შეხვედრა დაკავებულ დეკანოზთან.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან უფლებადამცველები. ამ წუთებში მამა გიორგი მამალაძეს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ხვდება.
მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრას გეგმავს მისი ადვოკატიც. თუმცა, უფლებადამცველის საპყრობილეში მისვლის ზუსტი დრო უცნობია.
„ჩვენ გვინდა, გავარკვიოთ, რამდენად არის დაცული მამა გიორგი მამალაძის უფლებები, რომელიც გადმოყვანილია მე-6 დაწესებულებაში. აღნიშნული დაწესებულება არის მაღალი რისკის მქონე პატიმრების განსათავსებელი ადგილი.
"პირდაპირ ვერ გეტყვით, რომ რაიმე კუთხით ირღვევა მისის უფლებები. თუმცა ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დაცვის მხარის მიერ არ გავრცელებულა არანაირი ინფორმაცია ამ ადამიანის დაცვის შესახებ, თუ რა არგუმენტები აქვს საკუთარი თავის დასაცავად. ის ბრალს არ აღიარებს. აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, გავარკვიოთ ამ ადამიანისგან, ხომ არ აქვს ადგილი მისი უფლებების დარღვევას," - ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე.
ბოლო ინფორმაციით, რომელსაც დაცვის მხარეც ადასტურებს, მამა გიორგი მამალაძე ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.
დეკანოზი სამართალდამცავებმა მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 დღის წინ დააკავეს.