დაცვის მხარეს ბრალდებულის დაცვის უფლება წართმეული აქვს-ამის შესახებ განცხადება, სახალხო დამცველმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საუბრისას გააკეთა.
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ დაცვის მხარე და პროკურატურა არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, რაც მისი თქმით, სერიოზული დარღვევაა.
„მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა დაიცვას კონკრეტული ბრალდებული, რადგან ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც მათ რეალურად ეს უფლება წართმეული აქვთ. იმ გაგებით, რომ ბრალდების მხარეს აქვს სრული უფლება ისაუბროს საქმის დეტალებზე და დაცვის მხარეს ამის უფლება არ გააჩნია. ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული, დარღვევა და მე ვფიქრობ, რომ ეს დარღვევა გამოსწორდება ძალიან მალე. დანარჩენი რაც არის კითხვის ნიშნები ამასაც მალე გაეცემა პასუხი,“-განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველმა მის მიმართ გამოთქმულ იმ კრიტიკასაც უპასუხა, რომელიც საქმის მასალების შინაარსი გასაჯაროებას ეხება.
„სახალხო დამცველი რას გაახმოვანებს და რას არა, თუ აღმოაჩენს უფლებებს არავის არ ეკითხება. მე მაქვს საქართველოს კონსტიტუცია და კანონი სახალხო დამცველის შესახებ, რომელსაც ყოველ დღე მივყვებით და ვცდილობთ, რომ ამ კანონის დამცველები ვიყოთ და თითოეული მოქალაქის მათ შორის,“-განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ უჩა ნანუაშვილი გააკრიტიკა. ბესელიას, თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს საქმის მასალების შინაარსი არ უნდა გაესაჯაროვებინა.