ე.წ. ციანიდის სკანდალი - მთავარმა პროკურატურამ დღეს კატეგორიულად გამორიცხა, რომ ციანიდის საქმეზე დაკავებული გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ლიკვიდაციას გეგმავდა.
13 თებერვალს, შოთაძის უწყებამ დაადასტურა რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სასულიერო პირის დაკავების შესახებ და საქმის დეტალები განმარტა.
განცხადებიდან რამდენიმე წუთში, ხელისუფლების თითქმის სრული შემადგენლობა, ქვეყნის პრემიერის ჩათვლით, სახელმწიფო უწყებების მიერ აღკვეთილ უმძიმეს დანაშაულზე საუბრობდა. მმართველი გუნდი მოსახლეობას ქვეყნის უდიდესი კატასტროფისგან გადარჩენას ულოცავდა და იმასაც მიუთითებდა, რომ გერმანიაში მყოფი პატრიარქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
დღეს კი მმართველი გუნდის წევრებმა, 3 დღის წინ გაკეთებული განცხადებების განმარტება და იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ე.წ. ციანიდის სკანდალის დროს, პატრიარქის მოწამვლის მცდელობა არ უგულისხმიათ. განსხვავებული შინაარსის განცხადება გააკეთა ბერლინში მყოფმა ქვეყნის პრემიერმაც. გიორგი კვირიკაშვილი ახლა უკვე გამოძიების შედეგებს ელოდება.
პრემიერის შემდეგ, საკუთარი განცხადებების ახლებურად განმარტება უმრავლესობის სხვა წევრებსაც მოუხდათ. მმართველი გუნდის წევრებმა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სკანდალურ საქმეზე დასმული შეკითხვის პასუხად, პატრიარქს ახსენებდნენ, დღეს ვერსია და ტონალობა შეცვალეს.
ციანიდის საქმეზე დაწყებული ხმაურის და სკანდალური ბრალდებების შემდეგ, დღის ბოლოს პროკურატურამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და გამოძიების ვერსიაც კიდევ ერთხელ შეცვალა. ამჯერად შოთაძის უწყებამ, დღეს დილით გავრცელებული განცხადების შინაარსი განმარტა და გამოძიების პროცესში დანაშაულის სხვა ადრესატების გამოვლენა არ გამორიცხა.