03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
პროკურატურის განცხადება ბუჩუაძის საქმესთან დაკავშირებით

საქართველოს პროკურატურამ მირზა ბუჩუაძის საქმესთან დაკავშირებით პოლიციელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პოლიციელ ლაშა ჯიხვაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

საოლქო პროკურატურამ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლაშა ჯიხვაშვილს ბრალი მკვლელობასა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლაშა ჯიხვაშვილისა და მისი კოლეგების მიერ მაღაზიის დაკვირვების კამერების ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგენილი იქნა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი - წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1993 წლის 7 მაისს დაბადებული მირზა ბუჩუაძე.

იმავე დღეს ზემოაღნიშნულ მაღაზიასთან მყოფმა ლაშა ჯიხვაშვილმა ავტომანქანით მოძრავი მირზა ბუჩუაძე შეამჩნია და კოლეგებთან ერთად ფეხით დაედევნა. ბუჩუაძემ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ჩიხში შეუხვია, ავტომანქანა მოაბრუნა და უკან იგივე გზის გავლით მოძრაობდა, რა დროსაც ჯიხვაშვილმა ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. მირზა ბუჩუაძე მოთხოვნას არ დაემორჩილა და გააგრძელა გზა. ამის შემდეგ ლაშა ჯიხვაშვილმა ავტომანქანის მიმართულებით გაისროლა, რასაც მ. ბუჩუაძის გარდაცვალება მოჰყვა.

დღის ამბები