05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
"ეროვნული ფორუმის" წევრის შვილს სცემეს - დავითაძის ოჯახი ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსს ადანაშაულებს

ეროვნული ფორუმის წევრის, ავთო დავითაძის შვილი სცემეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და ოჯახი მომხდარში ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსს ადანაშაულებს.

მათ განცხადებით, ინციდენტი თავდაპირველად ერთ-ერთ კაფეში მოხდა, თუმცა ამ დროს გიორგი დავითაძე იქ არ იმყოფებოდა. ის მოგვიანებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მივიდა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მისი მეგობრები იქ ყავდათ გადაყვანილი.

ოჯახის ინფორმაციით, პოლიციის უფროსმა გიორგი გალდავამ, გიორგი დავითაძე თავად შეიყვანა შენობაში, საიდანაც ის ნაცემი გამოვიდა. როგორც მან მეგობრებს განუცხადა, მას პირადად გალდავა გაუსწორდა ფიზიკურად და ამ ფაქტს კიდევ სამი პოლიციელი შეესწრო. ნაცემი დავითაძე კლინიკაშია გადაყვანილი.

მისი მდგომარეობის შესახებ ექიმებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. კომენტარს ჯერჯერობით არც შინაგან საქმეთა სამინისტროში აკეთებენ.

„მოსულა ვაკე საბურთალოს სამმართველოს უფროსი გალდავა, დაუნახავს, რომ ჩემი შვილი იქ არის. გადაუხვევია ხელი, აუყვანია კაბინეტში, ამის მხილველები არიან იქ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც იდგა, ახლობლები და გულშემატკივრები ჩემი შვილის მეგობრის და დიდხანს რომ არ ჩამოვიდა იქიდან, ბიჭებმა მიმართეს ზომებს და გამოიძახეს სასწრაფოდ ადვოკატი. მოვიდა ადვოკატი და ამ დროს გამოდის ჩემი შვილი ნაცემი, დაბეჟილი, სასტიკად უცემია, პირადად პოლიციის უფროსს გალდავას და რამდენიმე თანამშრომელი ყოფილან იქ,“ - აცხადებს ავთანდილ დავითაძე.

დღის ამბები