05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
ბუნებრივი აირი შესაძლოა გაძვირდეს

ზაფხულიდან შესაძლოა, ბუნებრივი აირი გაძვირდეს. ამის შესახებ უკვე ისმის ღია განცხადებები, როგორც ექსპერტების, ასევე შესაბამისი კომპანიების და უწყებების წარმომადგენლების მხრიდან. პარალელურად, სემეკში ახალი სატარიფო განაცხადების განხილვა იწყება.

„კომისია იწყებს ბუნებრივი გაზის სექტორის სატარიფო რეგულირებას. ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფები 2005 წლის შემდეგ არ გადათვლილა, ეს დიდი პერიოდია, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა ძალიან ბევრი ცვლილება ამ სექტორში, შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები, განხორციელდა ახალი ინვესტიციები, მოხდა კომპანიების გამსხვილება, შესაბამისად, მარეგულირებელი კომისია პროცესების, გარემოებების გათვალისწინებით სატარიფო რეგულირებას იწყებს ამ სექტორში,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ, რომლის თქმითვე, ვალუტის კურსის ცვლილება ტარიფებზეც ისახება.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ფასების მომატებას ვარაუდობენ.

„ჩემი შეფასებით, ტარიფების ზრდა გარდუვალი იქნება, ეს არის იმის პირდაპირი შედეგი, რაც დღეს ქართულ ეკონომიკას ემართება, რაც ემართება ლარს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ტარიფების გაზრდა ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„ბუნებრივ აირზე, გაზზე ფასის მომატების შესაძლებლობა, რომელიც დღეს მარეგულირებელმა კომისიამ დააანონსა, არის პირდაპირი შედეგი იმ მავნებლურ-ეკონომიკური პოლიტიკისა, რასაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ატარებს და იმ ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო ხელშეკრულებისა, რომელსაც ბატონმა კალაძემ, ბატონმა კვირიკაშვილმა და მთავრობის სხვა წევრებმა ხელი მოაწერეს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ექსპერტის, სოსო ცისკარიშვილის თქმით, მას ინფორმაცია აქვს ყაზტრანსგაზის თანამშრომლებისგან, რომ გაზაფხულზე ფასები მოიმატებს.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იდეა აზერბაიჯანში დაიბადა, რადგან ისეთი აქტიური ძებნა რაიმე შემოსავლისა ბიუჯეტში, შეიძლება არც მივიდეს ეს მომატებული თანხა გამყიდველისთვის აზერბაიჯანში. ხელისუფლების გარეშე ასეთ ინიციატივას ვერავინ განახორციელებს,“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ავტორი: ეკა გაგუა.

 

დღის ამბები