პოლიტიკოსები საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის თაობაზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს აფასებენ.
Amnesty International ყოველწლიურ ანგარიშში რუსთავი 2-ის გარშემო განვითრებულ მოვლენებზე არის საუბარი. დოკუმენტში ასევე ნახსენებია ე.წ. კაბელების საქმე და ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივებაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ დოკუმენტს არ გაცნობია, თუმცა აღნიშნავს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში არის მცდელობა ქართული ოცნება რუსთავი 2-ის საქმეში მხარედ გამოიყვანონ.
„ეს არ გამოუვათ ეს ამბავი, რუსთავი 2-ის მეპატრონეები შეიცვალა ძალიან ბევრჯერ და ძალიან უცნაურ ვითარებაში 95 წლის შემდეგ, ამიტომ სასამართლო დავა, თუ ვისი საკუთრებაა რუსთავი 2, არის ძალიან ლოგიკური მოვლენა,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ტუღუში ხელისუფლებას ურჩევს ანგარიში ყურადღებით წაიკითხონ, რათა მიხვდნენ, თუ რა პრობლემები არსებობს ქვეყანაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი კი აცხადებს, რომ ანგარიშიდან მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოში „ადგილი აქვს შერჩევით მართლმსაჯულებას“.