დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ბრალდებულის დაკითხვის მოთხოვნით დღეს მთავარ პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართავენ.
უფლებადამცველების განცხადებით, დეკანოზი მზად არის ჩვენება მისცეს, რის შემდეგაც მათივე თქმით, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. მამა გიორგი მამალაძე მათ შორის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იარაღზეც ისაუბრებს, რომელიც ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულს არ ეკუთვნის.
დაცვის მხარის განცხადებით, სავარაუდოდ ვერ მოხერდება დეკანოზის შეხვედრა პატრიარქთან და სასულიერო პირებთან.
დეკანოზის თხოვნის მიუხედავად პატრიარქმა და სინოდის წევრებმა ბრალდებულთან შეხვედრაზე უარი თქვეს.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა პროკურატურა ცდილობს საპატრიარქოს საკუთარი აზრი მოახვიოს.
ადვოკატები ბრალდების მხარესთან შედარებით არათანაბარ პოზიციებში ყოფნაზეც საუბრობენ.
„მამა გიორგი გამოძიებას დეტალურად მისცემს ჩვენებას თუ ვისგან რატომ, რისთვის, როდის აღმოჩნდა მის საცხოვრებელ ბინაში აღნიშნული იარაღი. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, თუ საშუალება ეძლევათ ბრალდების მხარის მოწმეებს და საპატრიარქოში მისვლა და გარკვეული ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ, მაშინ რატომ არ გვაქვს ჩვენ ეს უფლება და რატომ გვაქვს ჩამორთმეული. რა რეკომენდაციებს აძლევენ ამის საწინააღმდეგოდ,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმედღიანი მკურნალობისა და გამოკვლევების შემდეგ ჩაფიძის კლინიკიდან გუშინ ისევ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.