საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი, გავრცელებულ ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ არ ადასტურებს. ამის შესახემ მან ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
სოსო ოხანაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე ინფორმაცია დღის განმავლობაში ვრცელდებოდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქეილ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, უწმინდესის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.
პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი განმარტავს, რომ მამა მიქაელ ბოტკოველმა დღეს "იცრუა" და ის აცხადებს, რომ პატრიარქის გერმანიიდან დაბრუნების დღიდან ის განაგრძობს მოვალეობის შესრულებას.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან, მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას," - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
მან ასევე დააანონსა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს გამართოს ბრიფინგი, სადაც მისი თქმით, თავად გააცნობს საზოგადოებას საკუთარ გადაწყვეტილებას.