03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
სამტრედიაში 18 წლის ბიჭი დაიკარგა

სამტრედიაში მცხოვრები 18 წლის გიორგი ადეიშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ადეიშვილის დედა აცხადებს, რომ გუშინ საპატრულო პოლიციამ ქუჩაში მისი შვილის დაპატიმრება სცადა, რა დროსაც ბიჭმა სამართალდამცველებისგან თავის დაღწევა მოახერხა და მას შემდეგ ის არავის უნახავს.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ გიორგი ადეიშვილის ადგილსამყოფელი არ იციან და გუშინ ნარკოტიკულ საშუალებებზე მისი შემოწმება იგეგმებოდა.

18 წლის ბიჭის ოჯახის მტკიცებით, გიორგი ადეიშვილს გასული წლის 8 ოქტომბერს სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, დააპატიმრეს და ისე სასტიკად სცემეს, რომ მას საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა. როგორც მისი მშობლები აცხადებენ, მათ შვილს ამ ფაქტის შედეგად ფსიქიკური აშლილობა დაემართა და სმენა დაუქვეითდა. გიორგი ადეიშვილი სასამართლო პროცესის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს.

მომხდარზე ამ დრომდე გრძელდება ძიება და მიმდინარეობს სასამართლო.

დღის ამბები