05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდნენ

პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდნენ. ისინი დღეს მამა გიორგი მამალაძე დაკითხავენ. ადგილზე იმყოფებიან ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებიც.

დაცვის მხარის მტკიცებით, სიმართლე გაჟღერებული ვერსიისგან რადიკალურად განსხვავდება და არ გამორიცხავენ, რომ ამას უკავშირდებოდეს დაკითხვის გაჭიანურება, რაც მათ დამატებით კითხვებს უჩენს.

პროკურატურა დაცვის მხარეს სპეკულაციაში ადანაშაულებს. საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ ადვოკატებმა ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხეს, თითქოს გამოძიება დაკითხვის პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს.

„თუ ადვოკატისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენება, მას თავად შეეძლო გამოეკითხა ბრალდებული და ჩვენება წარედგინა გამოძიებისთვის,“ - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

წიკლაური თქმით, ბრალდებულმა დეკანოზმა არა ერთხელ აარიდა თავი ჩვენების მიცემას. მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძე იმიზეზებდა არა ერთ ფაქტს, რათა თავი აერიდებინა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისგან. 

საქმის პროკურორის განცხადებით, დეკანოზს 5-ჯერ შესთავაზეს ჩვენების მიცემა, რაზეც უარი თქვა. 

„ბრალდებულის დაკავების დღიდან არა ერთხელ შევთავაზეთ მას მოეცა ჩვენება და ყველა ჯერზე გვითხრა უარი. იმედია, დღეს მაინც გასცემს პასუხს დასმულ შეკითხვებს. ადვოკატების მხრიდან ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ დაკითხვა და აბსურდული ეჭვები, რომ შაბათ-კვირას რაიმე ზეწოლა მოხდებოდა ბრალდებულზე, ეს არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან, რადგან როგორც ჩანს, ეს არის მათი ჩვეული ფორმა უკვე საქმიანობის.

"ადვოკატისთვის თუ ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენება, მას თავად შეეძლო გამოეკითხა ბრალდებული, როგორც დაცვის მხარეს. არავინ უკრძალავდა ამის გაკეთებას და წარმოედგინა გამოძიებისთვის. როგორც უკვე გითხარით, ეს არის უბრალოდ სპეკულაცია მათი მხრიდან, ვინაიდან მასმედიით სიცრუის ტირაჟირების გარდა, სხვა პროცედუალური შესაძლებლობა არ გააჩნიათ. გიმეორებთ, მათ თავად შეეძლოთ გამოეკითხათ ბრალდებული, რაც არ გააკეთეს. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ისინი უბრალოდ სპეკულირებენ ამ თემაზე,“ - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. 

მამა გიროგი მამალძე უკვე ორ კვირაზე მეტია დაკავებულია და თითქმის ერთი კვირაა, რაც აცხადებს, რომ მზად არის დასაკითხად.

საგამოძიებო ორგანომ აქამდე მხოლოდ ექსპერტიზა ჩაატარა. მას დნმ-ის, კალიგრაფიისა და ხმის ნიმუშები აუღეს.

დღის ამბები