03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის გეგმები

ბიძინა ივანიშვილი დაახლოებით ახალ წლამდე ტელეწამყვანი გახდება. ექსპრემიერის გადაცემა, სავარაუდოდ, ტელეკომპანია "ჯიდიესის" ეთერში გავა, თუმცა თავად ივანიშვილი ჟურნალისტებს გადაცემის დეტალებზე არ ესაუბრა და განაცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობს. 

საკუთარი გადაცემის დაწყებამდე ივანიშვილი მზადაა რესპონდენტის სახით უკვე არსებულ გადაცემებში მონაწილეობაზე. ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას გიორგი გაბუნიას გადაცემა "არჩევანში," ექსპრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, დადებითი პასუხი მიიღო ტელეკომპანია "მაესტრომაც", რომელსაც ივანიშვილმა ხუმრობით "ჩემი არხი უწოდა", მან აღნიშნა, რომ ეს არხი განსაკუთრებულად უყვარს.

ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ყოფილმა პრემიერმა დღეს ჟურნალისტების კითხვებს პასუხი არ გასცა. ივანიშვილი უახლოეს პერიოდში არც პრესკონფერენციების გამართვას გეგმავს.

ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადებები დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გააკეთა, სადაც ივანიშვილის "მოქალაქემ"ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.  

პროექტები "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" და "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართვას ქვეყნის ცხოვრებაში და სტუდენტების აქტიურობას.

ივანიშვილმა დღესვე ჟურნალისტების გადამზადების კურსებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ "მოქალაქის" ამ პროექტმა არ გაამართლა, რადგან ჟურნალისტებს მასში მონაწილეობის ინტერესი არ გამოუთქვამთ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები