03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
როდის შეიქმნება "RMG-გოლდის" საქმიანობის შემსწავლელი კომისია პარლამენტში?

სადაო ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ლიცენზიის ვადა, რომელიც კომპანიას 31 დეკემბერს ამოეწურა, გარემოს დაცვის სამინისტრომ 5 წლით გააგრძელა ისე, რომ ოქროს მოპოვების უფლება “RMG-გოლს” სადრისი-ყაჩაღიანის იმ ნაწილშიც მისცა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ზემოაღნიშნულ კოორდინატებში 5 წლით გაუგრძელდა.“

საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება მხოლოდ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღო, რომელიც მუშაობას მისი დამტკიცების შემდეგ დაიწყებს.

ოპოზიციის ინიციატივას მხარი პარლამენტში 58-მა დეპუტატმა დაუჭირა. კომისია საყდრისში ოქროს მოპოვების სამუშაოების გაგრძელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული ტერიტორიის აფეთქების კანონიერებას შეისწავლის. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი მასალებს პროკურატურას წარუდგენს.

კომისია 12 წევრით დაკომპლექტდება და მისი შემადგენლობა პარლამენტმა 76 ხმით უნდა დაამტკიცოს. უმრავლესობის წევრების ვინაობა ჯერ უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ მმართველი გუნდისთვის განკუთვნილ 6 კვოტას კოალიციაში შემავალი ფრაქციები გადაინაწილებენ. 2 წევრი "თავისუფალ დემოკრატებს" ეყოლებათ, 3 "ნაციონალურ მოძრაობას". 1 ადგილი დამოუკიდებელ დეპუტატებს ეკუთვნით.

საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებს ელოდებიან საყდრისის მცველები და კულტურის მინისტრის იმ ბრძანებულებას აპროტესტებენ, რომლითაც საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გააუქმდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები სარჩელის შეტანას საქალაქო სასამართლოშიც აპირებენ.

დღის ამბები