03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ალილოს მონაწილეები სამების ტაძრისკენ მიემართებიან

საშობაო მსვლელობა - ალილო თბილისში ვარდების მოედნიდან ზუსტად 14:00 საათზე დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძრისკენ მიემართებიან, თუმცა მანამდე მათ რამდენიმე ადგილას მოუწიათ გაჩერება. პარლამენტის შენობასთან ალილოს მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები შეეგებნენ და საჩუქრები გადასცეს. 

„პარლამენტის წარმომადგენლები ტრადიციულად ამ დღეს ვმონაწილეობთ ძალიან საინტერესო ტრადიციულ ღონისძიებაში, როდესაც პარლამენტს ჩამოუვლიან ხოლმე პატარა ანგელოზები. დღეს ჩვენ ისინი გვესტუმრნენ და საჩუქრები გადავეცით,“ - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის წევრებმა მთელ საქართველოს მიულოცეს შობის დღესასწაული და წარმატება და კეთილდღეობა უსურვეს.

პარლამენტის შემდეგ, ალილო საკრებულოს შენობასთან შეჩერდა - თბილისის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვა თანამდებობის პირებმა ალილოს მონაწილეები დაასაჩუქრეს და ჟურნალისტებსაც გაესაუბრნენ. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია ალილოს ორგანიზებაშიც არის ჩართული.

„ტრადიციული და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ალილო. მე თბილისის მერის რანგში პირველად ვღებულობ მონაწილეობას ამ მსვლელობაში. საკრებულო და მერია აქტიურად ჩაერთო ამ ღონისძიებაში, უშუალოდ პროგრამული ნაწილიც მხარდაჭერაც განვახორციელეთ დედაქალაქის ბიუჯეტიდან და მეორეს მხრივ, შევეცადეთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

ალილოს მონაწილეები მსვლელობას სამების ტაძართან დაასრულებენ, შეგროვებულ სურსათ-სანოვაგეს, ტკბილეულსა და საჩუქრებს კი ისინი მიუსაფარ ბავშვთა სახლებს გადასცემენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები