09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის ძალოვან სტრუქტურებში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. უკვე 6 საათია, პოლიცია იმ ტერორისტების კვალზე გასვლას ცდილობს, რომლებმაც ფრანგული ჟურნალის რედაქცია სასაკლაოდ აქციეს.

სამი შეიარაღებული პირი "შარლ ებდოს" ოფისში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. 12 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 2 პოლიციელი და 4 ჟურნალისტი. არიან დაჭრილებიც, საავადმყოფოში 7 დაჭრილია და მათ შორის 4 მდგომარეობა მძიმეა.

ტერორისტები, სავარაუდოდ, ისლამისტები არიან. თავდასხმის მიზეზი ის კარიკატურა გახდა, რომელიც გაზეთმა დაბეჭდა. სწორედ ამ კარიკატურისთვის "შარლ ებდოს" მთავარი რედაქტორი "ალ ქაიდას" შავ სიაში შეიყვანეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.

ტერაქტი დაგმეს მსოფლიო ლიდერებმა. განცხადებები გააკეთეს შეერთთებული შტატების პრეზიდენტმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, გერმანიის კანცლერმა და ბრიტანეთის პრემიერმა. ისინი საფრანგეთს ტერორისტებთან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდნენ.

მომხდარი დაგმო ვატიკანმაც. გერმანიაში კი საფრანგეთის საელჩოს შენობაზე გლოვის ნიშნად დროშა დაუშვეს.

ფრანგული ჟურნალი არაერთხელ გახდა თავდასხმის ობიექტი. 2011 წელს მუჰამედ წინასწამეტყველის კარიკატურების დაბეჭდვის გამო მის რედაქციაში ხელყუმბარები შეყარეს და დაწვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები