21 დეკემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ევროპარლამენტი რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანებულ რეზოლუციას კენჭს უყრის - როგორ აფასებს დოკუმენტს ოპოზიცია

ევროპარლამენტი დაახლოებით ორ საათში უყრის კენჭს რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანებულ რეზოლუციას. ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - ეს არის მთავარი პუნქტები იმ შეჯერებული ვერსიიდან, რომელსაც დეპუტატები დღეს უყრიან კენჭს.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში.

ევროპარლამენტში მისაღებ რეზოლუციას ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა, სადაც ამბობენ, რომ ქვეყანა დაკარგავს ყველა სარგებელს, რომელიც ევროკავშირიდან მომდინარეობს. 

"ნათქვამია, რომ თუკი არჩევნები გაყალბდება, და მხოლოდ ასე შეიძლება "ქართული ოცნება" დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენ დავკარგავთ იმ სარგებელს, რაც უკვე გვაქვს. ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და ხელიდან გავუშვებთ შანსს, რომ ვიყოთ ყველაზე უფრო წარმატებული ევროპული კავშირის წევრები. რეზოლუციაში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და სრულიად ნათელია, რომ პოლიტიკური დევნა, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს უკვე 12 წელია, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან და ევროპული მმართველობის სისტემასთან," - აცხადებს პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

განცხადება გააკეთა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. 

"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ახლა არის გაჩერებული. ჩვენ ასევე მოვისმინეთ, რომ შესაძლოა გაჩერდეს უვიზო მიმოსვლა. საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დავკარგეთ მილიონობით ევროს დახმარება "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის გამო. ამასთან შეგუება დაუშვებელია. ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, რომ, ქართველ ხალხის ნებით და დავალებით, 26 ოქტომბრის შემდეგ, გადავდგათ ძლიერი და რეალური ნაბიჯები, იმისთვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

 

დღის ამბები