შეუერთდეს საქართველო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს - თემა, რომელიც უკრაინის ომის დაწყების დღიდან პოლიტიკური დისკუსიის საგანია საქართველოში, უკვე ოფიციალურად აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ეს იქნება პირველი დადასტურებული დირექტივა სტრასბურგიდან, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, დიდი ხანია, ცნობილია.
საკითხს უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება იქნება სწორი და ეფექტური ნაბიჯი.
"ეს არის ნებისმიერი, თავმოყვარე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაბიჯი. სავიზო რეჟიმს შემოღება, მიწის ოკუპანტებზე გაყიდვის აკრძალვა, რუსული ბიზნესისთვის მწვანე შუქის არანთება და ასე შემდეგ.
არანაირი ეკონომიკური ზარალი არ მოჰყვება იმას, რომ ქართული მიწა არ იყიდებოდეს ოკუპანტებზე," - განაცხადა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
"გახარია საქართველოსთვის" წევრები კი აცხადებენ, რომ უშუალოდ ბიზნესთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იქნება ეფექტური.
"თუ საუბარი იქნება, პირობითად, სავაჭრო სანქციებზე, ეს მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, გარკვეულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას. ჩვენი ექსპორტი, რა თქმა უნდა, ჩასაკეტი არ არის, იმიტომ, რომ აქედან ჩვენ სარგებელს ვიღებთ. რაც ბუნებრივად, ბიზნესურთიერთობების თვალსაზრისით ხორციელდება, ეს პროცესი განხორციელდეს, მაგრამ შენ, როგორც შენ სახელმწიფომ და ხელისუფლებამ სასათბურე პირობები ამისთვის ოკუპანტი სახელმწიფოს კომპანიებისთვის არ უნდა შექმნა, ამაზეა საუბარი," - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.