09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
საფრანგეთის პოლიციამ სპეცოპერაციის ამსახველი ახალი ვიდეო მასალა გაავრცელა

საფრანგეთის პოლიციამ სპეცოპერაციის ამსახველი ახალი ვიდეო მასალა გაავრცელა. კადრები პარიზის მახლობლად, ქალაქ დამარტინშია გადაღებული. მასალაში ჩანს, როგორ შედიან სპეცრაზმელები სტამბის შენობაში, რომელსაც შარლი ებდოზე მოწყობილ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები კუაშები აფარებდნენ თავს. შტურმის დროს სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მოკლეს.

პოლიცია ამ დროისთვის ტერორისტების შესაძლო თანამზრახველებს ეძებს. კვლავ უცნობია 26 წლის ჰაიატ ბუმედიენის ადგილსამყოფელი.

გამოძიების ერთ–ერთი ვერსიით, ძმები კუაშები ალ ქაიდას მიერ ფინანსდებოდნენ. დაჯგუფების ერთ–ერთმა ლიდერმა აუდიო მიმართვაც გაავრცელა და საფრანგეთს ახალი ტერაქტებით დაემუქრა.

განგაში დღეს პარიზის დისნეილენდშიც გამოცხადდა. მიზეზი გასართობი პარკის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში აფეთქების საფრთხე გახდა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში თავდასხმებს საფრანგეთში 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ტერაქტის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემი ერთიანობის მარში პარიზში უსაფრთხოების განსაკუთრებული დაცვის ფონზე ჩაივლის. საფრანგეთის დედაქალაქსა და მის გარეუბნებში დამატებითი ძალებია მობილიზებული. პარალელურად სამართადამცველები ტერორისტების თანამზრახველებს ეძებენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები