20 მაისი 2024,   09:54
ვრცლად
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი ისევ გადაიდო - ოპოზიცია პროცესების პოლიტიზირებაზე საუბრობს

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურები მთავრობას ივლისამდე უნდა წარედგინოს. შერჩევის ვადა უკვე მეორედ გახანგრძლივდა.

მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილება დღეს გასაჯაროვდა, თუმცა ამ ცვლილებების ავტორებს მიზეზებთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებიათ.

წერილობითი განცხადება იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ 15 მარტს გაავრცელა, როდესაც თავდაპირველად დადგენილი ვადა შეიცვალა. სამინისტროში აცხადებდნენ, რომ საპარლამენტო ასამბლეამ მოსამართლეთა არჩევნები საშემოდგომო სესიაზე ჩანიშნა, რის გამოც კანდიდატების მოსაზიდად, მოსასმენად და სიის შესადგენად მეტი დრო გაჩნდა.

უწყების ეს არგუმენტი მიუღებელია ერთ-ერთი კანდიდატისთვის. დავით ჯანდიერი ფიქრობს, რომ მთავრობა პროცედურებს ხელოვნურად აჭიანურებს.

შესარჩევი კონკურსის ორჯერ გადადება კითხვებს აჩენს სამოქალაქო სექტორშიც.

მოსამართლეების შესარჩევი პროცედურების გახანგრძლივების პარალელურად ოპოზიცია პროცესების პოლიტიზირებაზე საუბრობს. სტრასბურგის მიერ თავდაპირველად გაგზავნილი მოსამართლეთა სიის დაწუნების შემდეგ, ოპონენტები ხელისუფლებას კონკურსის გაუმჭვირვალობაზე მიუთითებენ.

პროცესის პოლიტიზირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრებმა მოსამართლეების შერჩევის ვადის მეორედ გახანგრძლივების ზუსტი მიზეზი არ იციან, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ პროცესის გამჭვირვალობა გარანტირებულია.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების ხელახლა შერჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა სამივე კანდიდატი - ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი, დაიწუნა.

 

დღის ამბები