20 მაისი 2024,   11:26
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - მთავრობამ მარიხუანის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი უკვე მოამზადა

მცირე ოდენობის მარიხუანისა და კანაფის ფლობისთვის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა უქმდება.

საქართველოს მთავრობამ მარიხუანის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი უკვე მოამზადა. საუბარია მსუბუქი ნარკოტიკის კანონის ლიბერალიზაციაზე და არა დეკრიმინალიზაციაზე.

კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა, 500 ლარის ნაცვლად, 300 გახდეს. არ არის გამორიცხული, ცვლილებები შეეხოს დათესვას, მოყვანას და კულტივირებას, რომლის მიხედვითაც მოქმედი ნორმა 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცვლილებების პაკეტის მიხედვით პატიმრობა 160 საათიდან 220 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით იცვლება.

კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

ცვლილებების პაკეტი ნაწილობრივ საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. სარჩელი, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობას დაუკმაყოფილეს, მცირე ოდენობით მარიხუანის შეძენას ეხებოდა. ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლო 265 გრამი კანაფის დათესვა-მოყვანის შემთხვევაში პატიმრობის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს. 

ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამ ინიციატივით პოლიცია კვლავ დარჩება საზოგადოებისთვის რეპრესიულ მექანიზმად. ევროპულ საქართველოში კი თვლიან, რომ აუცილებელია ცვლილებები კლუბურ ნარკოტიკსაც შეეხოს. კანონპროექტით უკმაყოფილოა პოლიტიკური გაერთიანება გირჩიც.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გარდა, მუშაობა მიმდინარეობს დეკრიმინალიზაციაზე.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები