20 მაისი 2024,   11:25
ვრცლად
დღეს საზეიმო მიღებაზე ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს მთავრობის სახელით პრემიერმინისტრი უმასპინძლებს

უვიზო მიმოსვლის პირველი დღე. საქართველოს ეროვნული დროშა ევროკომისიის წინ არის აღმართული. ქართული დელეგაცია კი ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში პირველ შეხვედრებს მართავს. დღესვე დაგეგმილია საზეიმო მიღება, სადაც ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს მთავრობის სახელით პრემიერმინისტრი უმასპინძლებს.

„მინდა, მივესალმო საქართველოს პრემიერმინისტრს ამ ისტორიულ დღეს ბრიუსელში. გრძელი და რთული გზის გავლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, უვიზოდ შემოვიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, იქნება ეს ტურისტული, ოჯახური თუ საქმიანი ვიზიტი. ეს შესაძლებელი გახდა ამბიციური და კომპლექტური რეფორმების შედეგად, რომლის გატარებაც საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის დამსახურებაა,” - განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პრესკონფერენციაზე გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა, მან ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიღწევა, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის. მინდა, დაგარწმუნოთ რომ ამ მიზნის მიღწევით არ დასრულებულა ჩვენი რეფორმების გზა. სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს ვალდებულებებს და ერთგული ვრჩებით შეთანხმებების შესრულების მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს კარგად მართული და უსაფრთხო გარემო,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ხვალ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, ქართველ სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად, რომლებიც ასევე დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ბრიუსელს დაათვალიერებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები