03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
"საფრთხე ძალიან მნიშვნელოვანია," - ექსპერტები "კარფურის" საიტზე თავდასხმას აფასებენ

ვის მიეკუთვნება და კონკრეტულად, რა ტიპის ორგანიზაციაა ”ახლო აღმოსავლეთის კიბერარმია”, რომელმაც ”კარფურის” ქართულ ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელა, ამ დრომდე დაუდგენელია.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამბობს, რომ თავდასხმის უკან შესაძლოა იდგეს, როგორც ალ ქაიდა, ისე ისლამური სახელმწიფო, შიიტური დაჯგუფებები და თავისთავად, ამ იდეოლოგიის მომხრე ნებისმიერი კერძო პირიც, რომელთაც ასეთი კიბერშეტევებით სურთ საზოგადოებას უთხრან „ჩვენ ვარსებობთ!”

უსაფრთხოების ექსპერტს, კავკასიის აკადემიის დირექტორ ლაშა პატარაიას კი მიაჩნია, რომ კიბერუსაფრთხოება საკმაოდ მნიშვნელოვანი სფეროა და სახელმწიფომ მის უზრუნველყოფაზე უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს.

„ჩვენთან, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში არის ძალიან დიდი რაოდენობა მოწყვლადი ადგილებისა, რომელთა გამოყენების საშუალება აქვთ, როგორც ჰაკერებს, ისე სპეცსამსახურებს და ტერორისტებსაც. საფრთხე ძალიან მნიშვნელოვანია და დროა დიდი ყურადღება დაეთმოს იმ საკითხს, რომელიც წლების განმავლობაში იყო სპეცსამსახურების კოშმარი და ჩვენთან ნაკლები დრო ეთმობოდა,” - განაცხადა ლაშა პატარაიამ.

”კარფურის” საქართველოს წარმომადგენლობაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევის მუხლით დაიწყო. გამოძიებაში ჩართვას გეგმავს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოც.

”ჩვენ მუსლიმები ვართ და არავის მივცემთ ნებას დაგვამციროს. ყურანი ჩვენი წიგნია, წყეულიმც იყოს შარლი ებდო,” - ასეთი გზავნილი ორგანიზაციამ 20-ზე მეტ საიტზე - მათ შორის ”კარფურის” ქართულ ვებგვერდზე გუშინ დატოვა. საიტების უმეტესობა ფრანგულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები