03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შორს უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისგან,” - ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მათი უპირველესი მოთხოვნაა, რომ კანდიდატი, რომელსაც პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს, არ უნდა იყოს დაახლოებული რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ნდობა გაიზარდოს სასამართლოსა და პირველ რიგში, იმ პიროვნების მიმართ, ვინც იქნება სასამართლოს თავჯდომარე,” - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ." მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოხდეს შეთანხმება იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, ასევე, იმ პროცესსა და პროცედურებზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს შერჩევა პრეზიდენტის მხრიდან.

„საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი და გასაგები, რა ღირსებების გამო იქნა ესა თუ ის კანდიდატი წარდგენილი,” - განაცხადა საიას წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში არ გამორიცხავენ, რომ აზრთა თანხვედრის შემთხვევაში, მათ თავადაც წარადგინონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა, როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია აცხადებს, ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ გამართულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები