03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
საია ერთდროულად რამდენიმე უწყებას სასამართლოს იგნორირებაში ადანაშაულებს

საყდრისის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გამო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთდროულად რამდენიმე უწყება დღეს სასამართლოს იგნორირებაში დაადანაშაულა. სამოქალაქო სექტორში არ გამორიცხავენ, რომ ლიცენზიის გაგრძელების გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სააგენტომ პრემიერ-მინისტრის შეფასების შემდეგ შეცვალა და არსებული რეგულაციები კერძო კომპანიას მოარგო.

ამ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ გარემოს დაცვის სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ კომპანია "არ ემჯის" ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია ახალი გარემოებების საფუძველზე კანონის დაცვით გაუგრძელდა.

კიდევ ერთი უწყება, რომელიც უახლოეს პერიოდში სასამართლოში საია-ს მოპასუხე მხარე იქნება, კულტურის სამინისტროა. სამინისტროს და ძეგლთა დაცვის სააგენტოს საია-ს ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, როგორც კერძო პირი უჩივის. მის ინტერესებს სასამართლოში სწორედ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ მათ არაფერი უკანონო არ ჩაუდენიათ და ამის დამტკიცებას სასამართლოშიც აპირებენ.

საპარლამენტო უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის ფორმირებას ითხოვს. უმრავლესობის ნაწილი კი მიმდინარე სასამართლო დავების ფონზე კომისიის ფორმირების აუცილებლობას ვერ ხედავს. რა პოზიციას დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარე ჯერჯერობით უცნობია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები