03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
საკრებულოს ბიურო ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის ქუჩის საკითხზე იმსჯელებს

ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის ქუჩაზე გზის ჩამონგრევის საკითხს დღეს საკრებულო განიხილავს. საკრებულოს ბიუროს სხდომა გვიან ღამით დაინიშნა, რომელზეც ქალაქის მერიის წარმომადგენლები ოფიციალურად მოითხოვენ საგზაო მონაკვეთის აღდგენითი სამუშოების დაჩქარებული წესით ჩატარებისთვის საკრებულოს ნებართვას.

მერიაში არ გამორიცხავენ, რომ მომსახურების შესყიდვა ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი წესით მოხდეს.

„შემოსულია განცხადება გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით შესყიდვის თანხმობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასწრაფოდ არის სამუშაოები ჩასატარებელი. მოვუსმენთ კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მოსაზრებებს. ამავდროულად, ამ წუთებში საგანგებო თათბირია მერიაში და ამ მოსაზრებების გაცნობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თანხმობის შესახებ“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს ოპოზიცია კი თბილისის მერს აკრიტიკებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის შეფასებით, დავით ნარმანიას განცხადება, იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა 2-3 თვით უნდა შეჩერდეს, უპასუხისმგებლობაა.

„ყოფილი ელბაქიძის დაღმართი არის უმთავრესი სატრანსპორტო კვანძი და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად აღდგეს იქ სატრანსპორტო მიმოსვლა. მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა შეძლონ, ინტენსიურად იმუშაონ და გახსნან საავტომობილო მიმოსვლა“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გაირკვეს ნგრევის მიზეზები და თუ გამოიკვეთება "Georgian Water and Power“-ის მიერ ამ მონაკვეთზე სამუშაოების არასათანადოდ შესრულების ფაქტი, კომპანიას უნდა დაეკისროს ფინანსური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მერიის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე გზა გუშინ ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა საგზაო მოძრაობა ამ მიმართულებით აიკრძალა.

დღის ამბები